ახლა შენი დროა
90-იანების მთავარი მუსიკალური ფენომენი ისტორიაში პირველად ვინილზე ბრუნდება! ლეგენდარული ტრიო, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს პოპ-კულტურის სტანდარტი შექმნა, სავსე დარბაზების ეპოქა დაიწყო და მთელ თაობას საკუთარი საუნდტრეკი აჩუქა. ათწლეულების შემდეგ ორიგინალი არქივიდან სათუთად აღდგენილი და ვინილისთვის სპეციალურად რემასტერირებული ჩანაწერები ახალ სიცოცხლეს იწყებს. ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა სიამაყით წარმოგიდგენთ საკოლექციო გამოცემას, რომელიც ქართული მუსიკის ოქროს ხანას ფირფიტაზე სამუდამოდ აღბეჭდავს.
TRACKLIST · GMLC013
90-იანი წლების მიწურულის თბილისში — გრაფიკით მოსული შუქის, და პოსტსაბჭოთა ინერციის ფონზე — მოულოდნელად სრულიად ახალი მუხტი გაჩნდა. ნაცრისფერ ყოველდღიურობაში შემოიჭრა ჟღერადობა თამამი განაცხადით: ხალასი, უკომპრომისო და ფერადი პოპ-მუსიკა.
ეს იყო „სახე“.
ეპოქაში, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საკუთარ გზას ეძებდა, „სახემ“ მსმენელს თანამედროვე სამყაროსკენ გაუხსნა კარი. 1997–1998 წლებში ჯგუფმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ნამდვილი პოპ-მანია დაატრიალა: ათასობით მსმენელით გადაჭედილი სპორტის სასახლე, პოსტერებით აჭრელებული კედლები და რუსთაველის გამზირზე მანქანებიდან აწეული მუსიკა — ახალმა თაობამ საკუთარი ხმა იპოვა.
„სახემ“ თანამედროვე ამერიკული R&B, ბრიტანული გარაჟის რიტმი და ევროპული საცეკვაო გრუვი ქართულ მელოდიურობას ბუნებრივად შეერწყა. ისეთმა ჰიტმა, როგორიცაა „შენ რა სექსი ხარ“, იმდროინდელი კონსერვატიული ტაბუები დაარღვია, ხოლო ჯგუფ Poetry 'N' Motion-თან ერთად ჩაწერილმა კოლაბორაციამ — „წვიმად გადავიქეცი“ — დაამტკიცა, რომ ქართულ პროდაქშენს შეეძლო ნიუ-იორკის, ლონდონისა თუ ატლანტის სტანდარტით ეჟღერა.
თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ეს მუსიკა მხოლოდ გაცვეთილ კასეტებზე, პირველ CD-დისკებსა და დაბალი ხარისხის MP3-ფაილებში ცოცხლობდა. თემურ ნიკოლაშვილის სტუდიის არქივიდან (1996–2001) აღდგენილი და რემასტერირებული ჩანაწერები ვინილზე პირველად გამოდის — თავისი სრული, ნამდვილი ჟღერადობით.
დაუშვი ნემსი ფირფიტაზე. ახლა შენი დროა
იჯავშნება ლიმიტირებული რაოდენობის ეგზემპლარები, რომლებიც რელიზის გამოსვლის დროს — თებერვალში — დაეგზავნებათ მფლობელებს. საბანკო რეკვიზიტი ჩარიცხვისთვის, ფირფიტების რაოდენობის არჩევა, მისამართის მითითება და გადახდის ქვითრის ატვირთვა ხდება სარეგისტრაციო ფორმაში:
წინასწარი შეკვეთის გაფორმება ↗