
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
ათასწლეულის მიჯნაზე ქართული მუსიკალური სცენა, ქვეყნის მსგავსად, არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ომგამოვლილი საზოგადოება სოციო-კულტურულ კრიზისში იყო და „ახალგაზრდულ სულს“ ახალს ვერაფერს სთავაზობდა. პოპ-მუსიკის სრულმა დომინაციამ ალტერნატიულ შემოქმედებას უკიდურესად მცირე სივრცე დაუტოვა სამოქმედოდ, თუმცა ამავე წლებში ჩნდებიან ბენდებიც, რომლებიც სრულიად ახალი თაობის ქართველთა სათქმელსა და მისწრაფებებს გამოხატავდნენ. Young Georgian Lolitaz, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა, იმ პერიოდიდან ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ბენდი აღმოჩნდა — მიუხედავად შემადგენლობის მუდმივი ცვლილებისა, ნიკა კოჩაროვი და მისი კოლექტივი 20 წლის შემდეგაც აქტიურ მოღვაწეობას აგრძელებს.
ალბომი „Lemonjuice“ სპონტანურად, ჯგუფისთვისაც და ქვეყნისთვისაც გარდამავალ პერიოდში, 2003–2004 წლებში საშინაო სტუდიაში ჩაიწერა (ლევან შანშიაშვილის გიტარისა და დათუჩა აბულაძის დრამის მონაწილეობით) და 2004 წელს გამოიცა. მუსიკალურად და შინაარსობრივად ეს მეტად პერსონალური ალბომია, რომელიც ჯგუფის ფრონტმენის პირად განცდებსა და დამოკიდებულებებზე გვიყვება, ხოლო გავლენები The Beatles-იდან, Nirvana-ს გავლით Blur-ამდე აღწევს.
„Lemonjuice“-მა და მასში შემავალმა სიმღერებმა ჯგუფს პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც მოუტანა და რამდენიმე წელში ბენდმა გეზი ლონდონისკენ აიღო. ერთი რამ ცხადია — „Lemonjuice“ დღემდე რჩება 2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო მანიფესტაციად.
კრედიტები