
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
Afternoon Version ქართულ მუსიკალურ სივრცეში სპონტანურად გამოჩნდა — 90-იანი წლების დასაწყისში, გვიანი მოზარდობის ასაკში მყოფი თბილისელი ახალგაზრდების სურვილმა, რომ მათთვის საინტერესო მუსიკა შეექმნათ, ბენდის ფორმატი მიიღო და მაგალითად 80-იანი წლების რჩეული ბრიტანული ბენდების შემოქმედება იქცა. ასე შეიქმნა ახალი ტალღის გავლენით ნაწარმოები პირველადი კომპოზიციები, რომლებიც იმ პერიოდში ქალაქში ახლად გამოჩენილ მცირე სივრცეებსა თუ კლუბებში სრულდებოდა.
დროის სვლასთან ერთად შეიცვალა მათი მუსიკალური გემოვნებაც — ინფორმაციისა და ტექნოლოგიის შემოდინებამ განაპირობა ელექტრონული ბგერების შემდგომი დომინირება Afternoon Version-ის შემოქმედებაში, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით სრულფასოვან მუსიკალურ კარიერაზე ფიქრი ურთულესი იყო. 90-იანი წლების ბოლოს, სანამ ჯგუფის წევრები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქს მიაშურებდნენ, შეძლეს და დაგვიტოვეს ალბომი „Together“ (2000), რომელიც ბენდის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემაჯამებელი ნამუშევარი გახდა.
ალბომში ძირითადად 90-იან წლებში აქტუალური ბრიტანული საცეკვაო მუსიკისა და ელექტრონიკის საინტერესო სინთეზს ვხვდებით, თუმცა აქვეა „Kardena“ — კომპოზიცია, რომელიც ფოლკლორულ მოტივებსა და იმ პერიოდის ქვეყნის სოციალური მდგომარეობის აღმწერ დამაფიქრებელ რეჩიტატივს მოიცავს — და „Champagne Gold“, ჯგუფის აკუსტიკური ჰიტი და 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ნამდვილი მარგალიტი. 30 წლის შემდეგ Afternoon Version კვლავ მოქმედი ბენდია.
კრედიტები