Mother On Mondays – Friends
როგორ იქცა ფილარმონიის სამოყვარულო კონცერტზე დაბადებული ტრიო 90-იანი წლების ყველაზე გამორჩეული ჟღერადობის ქართულ ბენდად.
კითხვა, თუ 90-იანი წლებიდან რომელ ქართულ ბენდს ჰქონდა ყველაზე გამორჩეული ჟღერადობა, ჩემთვის ყოველთვის რიტორიკული იყო — „Mother On Mondays“ დღემდე ყველაზე სწორი პასუხია.
ფილარმონიის კონცერტიდან მოსკოვის კლუბებამდე და უკან თბილისში
80-იანი წლების ბოლოს საქართველოში უკვე გამოჩნდა ალტერნატიული მუსიკის პირველი ტალღის კონტურები, თუმცა უნდა ითქვას, რომ როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, მუსიკაშიც ტრენდები ჩვენამდე მოსვლას რამდენიმე წლით აგვიანებდა. მაგალითად ამავე წლებში საკმაოდ ბევრი ჯგუფი ისევ 70-იანი წლების ჰარდ როკს უკრავდა, უფრო წინ წასულები — 10 წლის დაგვიანებით პოსტ-პანკსა და „ახალ ტალღას“, ხოლო Mother On Mondays პირველივე მოსმენიდანვე სინთპოპისა და ელექტროპოპის იმ მუსიკალურ ნაკადთან ასოცირდა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისშიც დასავლეთში აქტუალური იყო.
ყველაფერი კი ფილარმონიაში იმ კონცერტიდან დაიწყო, რომლის სახელის გახსენებაც დღეს უკვე ჯგუფის ყველა წევრს უჭირს. სავარაუდოდ ეს ახალგაზრდა ბენდებისა და შემსრულებლებისთვის დათმობილი სცენა იყო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უეცრად ჩამოყალიბებული უამრავი სამოყვარულო ჯგუფი უკრავდა. ასეთები იყო „Shadow“ და „Mysteria“, სადაც გოგი ძოძუაშვილი, ლევან ჯავახიშვილი, დათო ჩხიკვიშვილი და ვაჟა ბექაური უკრავდნენ, აქვე იყო „Out Of Need“ — ყველანაირი საჭიროებისგან დაცლილი, სრულიად უნებურად შექმნილი ბენდი, სადაც გოგლიკ ფარეშიშვილი მღეროდა. ვოკალისტის სრულიად ექსცენტრიულმა მღერის მანერამ სხვა შემსრულებლების ყურადღება მიიქცია და ასე, ფრენკ ზაპას სიყვარულით (à la The Mothers of Invention) შეიქმნა „დედა ორშაბათობით“.
Mother On Mondays-მ დაფუძნებიდან 1 წელში უკვე პირველი ალბომი, „Clear & Cold“ ჩაწერა, რომელიც მუსიკალურად უფრო პოსტ-პანკს და იმ პერიოდში აქტუალურ ინდი როკს უახლოვდებოდა. სიმღერებს კონცერტებზე მღეროდნენ, ალბომი ოფიციალურად კი არცერთ მედიუმზე არ გამოსულა.
ამის შემდეგ ხუთკაციანი ჯგუფი, სხვადასხვა მიზეზების გამო 3 კაცად კონფიგურირდა და მოსკოვში გადასახლდა — ქალაქში, რომელიც იმ პერიოდშიც თბილისთან შედარებით მეგაპოლისი იყო და შესაბამისად შესაძლებლობებიც მეტი არსებობდა, თუნდაც მუსიკალური ინდუსტრიის კუთხით. უკრავდნენ ადგილობრივ კლუბებში და დაიწყეს ახალ მუსიკაზე მუშაობა, რომელიც 3 კაცის ფორმატში უკვე სრულიად სხვაგვარად ჟღერდა. მოსკოვში ჯამში ნახევარი წლის განმავლობაში იცხოვრეს, თუმცა როგორც დაგეგმილი ჰქონდათ მათი მუსიკალური კარიერა ისე არ განვითარდა — არც უცხოელ პრომოუტერს შემოუთავაზებია ბრიტანეთში კონცერტები და არც რომელიმე დიდი ლეიბლი დაინტერესებულა მათი მუსიკით, თუმცა ჩრდილოეთში დაწყებული საქმე თბილისში მაინც დაასრულეს და ახალი ალბომი „Friends“ 1995 წელს ჩაწერეს. მასში ჯამში 11 სიმღერა შევიდა, სადაც ცოცხალ დრამს უკვე დრამ-მანქანა ანაცვლებს და სინთეტური ბგერაც დომინირებს. თუ პირველი ალბომი უფრო Talking Heads-ისკენ იყო მიმართული, „Friends“-ში უფრო მეტ Pet Shop Boys-ს და Soft Cell-ს აღმოაჩენთ.
მეგობრებისთვის ჩაწერილი ალბომი: „House Of Love“-დან „Angel“-მდე
„Friends“ რამდენადაც მუსიკოსების ინტიმური, იმდენად უფრო ფართო წრის ალბომიცაა, იმ გაგებით რომ სრულიად ეხმაურება იმ პერიოდის ახალგაზრდობის მისწრაფებებს, ილუზორულ და შეიძლება აუხდენელ ოცნებებს. კარგად გამოხატავს პოსტსაბჭოთა სივრცის კულტურულ სიცარიელეს, რომელიც ახალ თაობას ვერაფერს სთავაზობს და ხაზს უსვამს ამავე პერსონაჟების წყურვილს უკეთესი, ლაღი ცხოვრების მიმართ. ეს მეგობრებისთვის გაკეთებული ალბომია, რომელიც ალბათ თავდაპირველად არც იყო გამიზნული, რომ შეიძლება ვინმეს მათი წრის გარეთაც მოესმინა.
ალბომის ვიზუალური გაფორმება, სადაც ყდის შუაში რგოლში გამოსახული ყვავილია, ერთგვარი შარჟი იყო საბჭოთა კომპილაციური ალბომების აბსტრაქტული დიზაინის, რომელიც თავის მხრივ პოპ-არტის გამოძახილი იყო საბჭოთა სისტემაში. 27 წლის შემდეგ, აღნიშნული ალბომი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ინიციატივის ფარგლებში პირველად გამოვიდა ფირფიტის ფორმატზე, ლიმიტირებული რაოდენობით.
ჩანაწერი „House Of Love“-ით იწყება — მარტივი, ფერადი და ცოტა ბავშვური მუსიკალური თემა სინთეზატორზე, სადაც მოქმედი გმირი სიყვარულის სახლში დაბრუნებას ითხოვს. „Colorful Room“ უკვე სრულიად განსხვავებულ ტემპშია და იმ პერიოდის ბრიტანული რეივის განწყობასთანაა ახლოს — პარალელურად მსმენელს ალბათ ასოციაცია გაუჩნდება ირაკლი ჩარკვიანის „შენ აფრენ“-თან, რაც გასაკვირი სულაც არ არის: MoM-ის წევრები წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ მეფესთან და „შენ აფრენ“ იმავე სინთეზატორზეა აწყობილი.
„Black Butterfly“ — ჰაეროვან პადს გიტარის ლამაზი თემა ალამაზებს, გოგლიკას ხმა კი ხავერდივით ედება ინსტრუმენტალურ ნაწილს. ალბათ სწორედ ეს ხმა ქმნის საბოლოო ჯამში ამ ჯგუფის არსს. „The Death of a Young English Pilot“ აკუსტიკური ხმოვანების ტრაგიკული სიმღერაა; „So Far Away“-ში ცოტა ბიორკისეული მომენტები ჭარბობს; „Mr. Greenaway“ კი სავარაუდოდ ჯგუფის პირველი ალბომის მასალა იყო, The Smiths-ისეული საგიტარო პარტიებითა და ხასიათით.
„New“ (იგივე Gloves) ალბომიდან ჩემი პირველი ფავორიტია, ემოციურად სათანადოდ თამაშობს ნოსტალგიის იმ სენტიმენტებზე, ასე რომ ძვირფასია ჩვენთვის. „Strange Days (New Ways)“-ში პერსონაჟი უცნაური პერიოდიდან გამოსასვლელად ახალი გზების ძიებას იწყებს. „I Know“ ლამაზი საფორტეპიანო ბალადაა, ხოლო „Separated Parts Of My Body“, რამდენადაც მარკ ალმონდი არ უნდა გაგვახსენდეს, მაინც იმ დროის თბილისისთვის დამახასიათებელი რბილი ოპტიმიზმის ელფერს ატარებს. „Angel“ მარტივი მელანქოლიური ფრაზით აღწერს იმ პერიოდის ქართული რეალობიდან გაუცხოებული ახალგაზრდობის ცხოვრებას.
საბოლოო ჯამში ალბომი ახერხებს მსმენელის ყურადღების მიქცევას 40 წუთის განმავლობაში და ყველაფერთან ერთად ქართული ალტერნატიული მუსიკის მეორე ტალღის დასაწყისსაც ქმნის, რომლის საფუძველსაც შემდეგში სხვა შემსრულებლები დაეყრდნობიან.
მოუსმინეთ გამოცემას — GMLC001
დაკავშირებული გამოცემები


