
სინთ-პოპი, ინდი-როკი, პოსტ-პანკი · გოგი ძოძუაშვილი, George Delon (გოგლიკა), ლევან ჯავახიშვილი
Mother On Mondays 90-იანი წლების ომგამოვლილ თბილისში სამი განსხვავებული ჯგუფის („Shadow“, „Mysteria“, „Out Of Need“) გაერთიანებით ჩამოყალიბდა. სახელი ჯგუფს ფრენკ ზაპას სიყვარულით ერგო, თუმცა მუსიკალურად ისინი 80-90-იანი წლების ბრიტანული სინთ-პოპისა და ინდი-ჟღერადობისკენ იხრებოდნენ. მათი ფილოსოფია ერთი იყო — შეექმნათ სრულიად განსხვავებული და ექსცენტრიული მუსიკა, რომელსაც იმ პერიოდის ჩანასახში მყოფი ქართული სცენა მოკლებული იყო.
1993 წელს სადებიუტო ალბომის „Clear & Cold“-ის ჩაწერისა და მოსკოვის ტურნეს შემდეგ, ჯგუფი სამკაციან ფორმატში (გოგი ძოძუაშვილი, George Delon / გოგლიკ ფარეშიშვილი, ლევან ჯავახიშვილი; მოწვეული მუსიკოსები: დავით ჩხიკვიშვილი, ვაჟა ბექაური) ჩამოყალიბდა და სინთეზატორის თბილი ჟღერადობით 1995 წელს თემო ნიკოლაიშვილის სტუდიაში ჩაწერა „Friends“ (GMLC001). გარეთ არსებულმა მძიმე სოციალურმა გარემომ ვერაფერი დააკლო შემოქმედებით პროცესს — მუსიკამ მათთვის ცალკე, ნათელი სამყარო შექმნა, ხოლო „Friends“ დღემდე რჩება ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოდერნულ და საკულტო ჩანაწერად.
აუდიო / ვიდეო — GMLC001

1997 · თბილისი · GOSLAB · GMLC002, GMLC007, GMLC001
90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული ახალი თაობისთვის — მხოლოდ 2000-იანი წლების შუა პერიოდში თუ მოხდა პერსონალური მუსიკალური სკივრების გახსნა და პერიოდულად წარსულიდან გადმოსროლილი მასალიდან ახალი აღმოჩენების გაკეთება. უამრავი ჩანაწერი იმ პერიოდიდან პირადი დაუდევრობის თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო უკვალოდ გაქრა, უამრავი ბენდი და პროექტი კი, ჩანაწერების გარეშე მითიურ პერსონაჟებად იქცნენ.

1993–1995 · თბილისი · GMLC001, GMLC008
კითხვა, თუ 90-იანი წლებიდან რომელ ქართულ ბენდს ჰქონდა ყველაზე გამორჩეული ჟღერადობა, ჩემთვის ყოველთვის რიტორიკული იყო — „Mother On Mondays“ დღემდე ყველაზე სწორი პასუხია.

1987–2015 · მანიფესტი · GMLC001, GMLC012, GMLC004, GMLC008
90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა დღემდე შეუსწავლელი პერიოდი და ტერიტორიაა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, სახელოვნებო პროცესებსაც ჩამოშორდა ყველა ის ჩარჩო და შეზღუდვა, რაც 70 წლის განმავლობაში ქართველთა შემოქმედებითი ცხოვრების მარწუხებში მოქცევას ემსახურებოდა.