ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა
თავისუფალი საქართველოს თავისუფალი ხმები — რატომ დაარსდა GMLC და როგორ იქცევა მივიწყებული ჩანაწერები ვინილის საარქივო კოლექციად.
90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა დღემდე შეუსწავლელი პერიოდი და ტერიტორიაა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, სახელოვნებო პროცესებსაც ჩამოშორდა ყველა ის ჩარჩო და შეზღუდვა, რაც 70 წლის განმავლობაში ქართველთა შემოქმედებითი ცხოვრების მარწუხებში მოქცევას ემსახურებოდა.
გისოსების მორღვევა: 1987 წლიდან 90-იანების ანდერგრაუნდამდე
ალტერნატიულ მუსიკალურ პროცესებზე ცნობები საქართველოში ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან მოდის — რა თქმა უნდა იმ პერიოდის იატაკქვეშეთის მოძრაობა ერთეული ადამიანებისგან თუ შედგებოდა. 70-იანი წლებიდან პროცესები შედარებით გაიხსნა, ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა დასავლეთის ქვეყნებში. უკვე შეხვდებით ქართველი შემსრულებლების მიერ დასავლური მუსიკალური ნაწარმოებების ქავერ ან თუნდაც გადმოქართულებულ ვერსიებს.
80-იან წლებში ამ გისოსების მორღვევა გაგრძელდა და ალბათ 1987 წელი ქართული ალტერნატიული მუსიკის სრულიად ახალი ტალღის ასპარეზზე გამოჩენის თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ის რაც თბილისში დადა დადიანის „ტაქსით“, ლადო ბურდულის „რეცეპტით“, ქუთაისში კი რობი კუხიანიძის „აუტსაიდერით“ დაიწყო, 90-იან წლებში ფართოდ გაიშალა და ამ ფუნდამენტზე საკმაოდ თვითმყოფადი მუსიკალური სცენა აშენდა. აქ ერთმანეთში ირეოდნენ სრულიად განსხვავებული წარსულისა და სუბკულტურის წარმომადგენლები, რომლებსაც თითქოს საერთო არაფერი უნდა ჰქონოდათ, გარდა იმისა, რომ მასობრივი კულტურისგან განსხვავებული თვითგამოხატვის ფორმები ახასიათებდათ და ამას ახალგაზრდული ენთუზიაზმისთვის დამახასიათებელი თავისუფლების ხარისხით აკეთებდნენ.
ამ პერიოდის ქართულ მუსიკას თავისი გმირებიც ჰყავდა, რომლებიც განადგურებული ქვეყნისა და ქალაქების შემხედვარე, მუსიკასთან ერთად ალტერნატიული სამყაროს შექმნასაც ცდილობდნენ — პირველ რიგში მათთვის და გაუცნობიერებლად მომავალი თაობისთვისაც, ვინაიდან სწორედ მათ მიერ გაკვალული გზა მრავალი წლის განმავლობაში ჩირაღდნის ფუნქციასაც ასრულებდა.
თუმცა ალტერნატიული სამყაროს შექმნის მცდელობა გარეთ მიმდინარე პროცესების სრულ უგულებელყოფას როდი მოიაზრებდა — პირიქით, იმ პერიოდის სოციალური სიდუხჭირე და უპერსპექტივობის განცდა სრულიად აირეკლა მათ შემოქმედებაშიც. დასავლური მუსიკიდან აღებული ფორმებით პირველად იქმნებოდა სრულიად ახალი ტიპის ქართული მუსიკა.
უკომპრომისო ენერგია და GMLC-ის მისია
ადამიანებისთვის, რომელთა ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ქაოტურობას ეწირებოდა, მარტივი როდი იყო თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. მარტივი არც ის იყო, რომ მსგავსი შეხედულებისა და ღირებულებების მქონეებს ერთმანეთი ეპოვათ და არც ის, რომ განადგურებულ ქალაქში მუსიკისთვის დრო დაგეთმო და გემღერა იმის შესახებ, რაზეც საჯაროდ იქამდე ხმა არავის ამოუღია. ეს არ იყო თანამედროვე „რებელობის“ სოუსში გახვეული სენტიმენტი, როდესაც ძალით ცდილობ დაფიქსირდე იმად, რაც სინამდვილეში არა ხარ. ამ პერიოდის მუსიკალურ სცენას სწორედ ავთენტურობის მაღალი ხარისხი ახასიათებდა და ის ისტორიები, რაც იმ დროიდან მოდის, იმდენადვე ნამდვილია, რამდენადაც მათი მუსიკა.
ყველაფერთან ერთად, ისინი სრულიად მივიწყებულები იყვნენ ფართო საზოგადოებისგან. ამას ემატებოდა ტექნიკური საშუალებების თითქმის არარსებობა, რათა მუსიკა ჩაწერილიყო და მსმენელამდე ხარისხიანი პროდუქტი მისულიყო — საბჭოთა კავშირის დაშლამ მისი იშვიათი სიკეთე, ჩამწერი სტუდიებისა და ფირფიტების დამბეჭდავი ქარხნის არსებობაც თან გაიყოლა. კონცერტების დროს ელექტროენერგია წყდებოდა, საჭირო აპარატურის ნახვა და გამოყენება ურთულესი პროცესი იყო. იშვიათი გამონაკლისების გარდა ტელევიზია, რადიო თუ ბეჭდური მედია მათ ყურადღებას თითქმის არ უთმობდა და ამგვარად თავისუფალი საქართველოს თავისუფალი ხმები ხშირად უჩინარდებოდნენ.
...და მაინც, ზემოთ აღნიშნული დაბრკოლებების მიუხედავად, ამ მოძრაობაში ჩართული ადამიანები არ ნებდებოდნენ — წერდნენ მუსიკას, თანაკვეთა ჰქონდათ მხატვრებთან თუ თეატრის წარმომადგენლებთან, აწყობდნენ საღამოებს და ამ ყველაფრით ქვეყანაში იშვიათ სინათლის წერტილს წარმოადგენდნენ, რომელსაც გადამდები ეფექტი ჰქონდა. კონცერტებზე ხშირად შეხვდებოდით, როდესაც პანკები, მეტალისტები თუ ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლები ერთად ეზიარებოდნენ მუსიკალურ გამოცდილებას.
მოძრაობის მნიშვნელოვანმა წარმომადგენლებმა განვითარებულ ქვეყნებს მიაშურეს, რათა საკუთარი შემოქმედებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ; იყვნენ ისინიც, ვინც ქვეყანაში დარჩა, თუმცა უკვე კომპრომისით, 2000-იანი წლების შოუბიზნესის თამაშის წესებს მოერგნენ. მსმენელს კი დარჩა იმ პერიოდის ხშირად უხარისხო, თუმცა დიდი ღირებულების მატარებელი ჩანაწერები, რომლებმაც მკვეთრად მოხაზეს შემდგომი თაობების კულტურული ორიენტირები.
ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა [Georgian Music Legacy Collection] ფირფიტებზე დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება — ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არარსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია. ჩვენ გვჯერა, რომ მათი ხელახლა გაცოცხლებით, განახლებით, აღმოჩენითა და მსმენელის წინაშე წარდგენით, ჩანაწერები საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ იმ მუსიკალურ ჯაჭვში, რომელიც დღემდე ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 80-იანი წლების ბოლოდან 2010-იან წლებამდე არსებული ალტერნატიული მუსიკალური სცენის ჩანაწერების გამოცემა ფირფიტის ფორმატზე მოხდება და საბოლოოდ კოლექციის სახეს მიიღებს, რომელიც ყველა ქართული მუსიკის გულშემატკივარის აუცილებელი ატრიბუტი გახდება.
„ჩვენ გვჯერა, რომ მათი ხელახლა გაცოცხლებით, განახლებით, აღმოჩენითა და მსმენელის წინაშე წარდგენით, ჩანაწერები საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ იმ მუსიკალურ ჯაჭვში, რომელიც დღემდე ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.“
მოუსმინეთ გამოცემას — GMLC001
დაკავშირებული გამოცემები




